ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა და პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის განცხადებებმა ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი შემთხვევის ჩანაწერებთან დაკავშირებით, უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა.
„იმ წუთიდან უნდა გამხდარიყო გამჭვირვალე ჩანაწერები, იმ წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მოეხდინა რეაგირება. დიდი წარმოდგენის ამ შინაგან საქმეთა მინისტრზე არ ვარ, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ პოლიციელებს ბალასტს უწოდებდა. ამიტომ ნება იბოძოს, დაიცვას საზოგადოების ინტერესი,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრები კიდევ ერთხელ საუბრობენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე და შინაგან საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში იბარებენ.
„ამჯერადაც ვიბარებთ მინისტრს პარლამენტში მოსასვლელად, ის როგორც ყოველთვის არ გამოცხადებულა და არ გაუცია კითხვებისთვის პასუხი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
ოპოზიციის არცერთ მოთხოვნას „ქართული ოცნება“ არ იზიარებს.
“გამოძიებას უნდა დაველოდოთ, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვაზე, შესაბამისად, მინისტრის დაბარება ახლა არის აბსოლუტურად უადგილო,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.