სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ახალ ცვლილებებზე გვიან ღამემდე მსჯელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. სამუშაო ჯგუფის დახურული სხდომა კომიტეტის სათათბირო ოთახში, 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცვლილების მიხედვით, კომპიუტერული მტკიცებულებების მოპოვების უფლება დაცვის მხარესაც მიეცემა.
„საუბარია იმაზე, რომ კომპიუტერული ინფორმაციები და მტკიცებულებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, მოიპოვებოდეს არა მხოლოდ ბრალდების, არამედ დაცვის მხარის მიერ. ასევე, ჩვენ ამ ცვლილებებით ვეხებით ჩხრეკისა და ამოღების სამართლებრივ პროცედურებს და სასამართლოში ამ საგამოძიებო მოქმედებების დამაგრების წესს,“ - აცხადებს ეკა ბესელია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შს მინისტრის მოადგილეს შალვა ხუციშვილს, არც ინიციატივის შესახებ და არც ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.