ლიდერთა საბჭოს ფორმატში თვითმმართველობის არჩევნებს დღეს არასაპარლამენტო ოპოზიცია შეაჯამებს. პოლიტიკოსები აპირებენ მომზადდეს ერთიანი ანგარიშიც, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელისუფლების მხრიდან 21 ოქტომბერს დაფიქსირებული დარღვევები.
მოგვიანებით ანგარიშს "ლიდერთა საბჭო" საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნის.
„ლიდერთა საბჭო აუცილებლად ერთობლივ გადაწყვეტილებას და ერთობლივ შეფასებას გაახმოვანებს. ეს ძალიან ნეგატიური შეფასება იქნება ,“ - აცხადებს ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
ინიციატივასთან დაკავშირებით საბჭოში აზრთა სხვადასხვაობაა. "შენების მოძრაობის" ლიდერი ოპოზიციას არჩევნების დღის შეფასებაში ეთანხმება, თუმცა დავით უსუფაშვილი საბჭოს საბოლოო დოკუმენტს არ უერთდება.
„ჩვენ ერთის მხრივ ვიზიარებთ არჩევნების თაობაზე შეფასებას, იმ დარღვევების და პრობლემების თაობაზე რაც ითქვა, თუმცა ჩვენ არ შევუერთდით ლიდერთა საბჭოს საბოლოო დოკუმენტს, ვინაიდან გარდა არჩევნების შეფასებისა, არის მომავლის ხედვები, დასკვნები ამ არჩევნებიდან, როგორ უნდა ვიაროთ წინ და ვაღიარებთ თუ არა ამ არჩევნებს ლეგიტიმურად და ა.შ. ამ საკითხებში ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები,“ - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.