ლარის გაუფასურების მორიგ ტალღას მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ ოპოზიციაში და ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
„ლარის გაუფასურება გრძელდება, გრძელდება ფასების ზრდა. ყველაფრის თავი და თავი არის დღევანდელი ჩვენი მთავრობა, რომელიც მუდმივად იტყუება, იტყუება ციფრებში. რეალობას გვერდზე დებს და ხალხს კვებავს ილუზიებით,“ - განაცხადა „ენმ“-ის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ლარი არაპროგნოზირებადია. "ევროპული საქართველოს" წევრები არ გამორიცხავენ, რომ ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა განაგრძოს, რაც ქვეყანაში ფასების მატებას გამოიწვევს.
„ლარის სისუსტე პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ჯანსაღი ეკონომიკური გარემო და ამ მდგომარეობის გამოსწორებას სჭირდება ზუსტად ის, რაზეც ჩვენ, „ევროპული საქართველო“ დიდი ხანია ვეუბნებით მთავრობას. ეს არის გადასახადების დაწევა და ბიუჯეტის ყაირათიანად დაგეგმვა,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.