საკონსტიტუციო ცვლილებების საორგანიზაციო კომისიას ბოიკოტი გამოაცხადა საპარლამენტო ოპოზიციამ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომისიაში მუშაობის აზრს ვერ ხედავენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, კომისიის შექმნით არაფერი იცვლება, რადგან ცვლილებები წინასწარ დაანონსებულია და მასზე მსჯელობა არ იგეგმება.
„რა აზრი აქვს იმ კომისიაში მუშაობას, როდესაც ვიცით, რომ აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება. ამბობენ, რომ ჩვენ გამოგვაქვს ოთხი საკითხი და ოთხი საკითხი მიღებული იქნება ისე, როგორც ჩვენ მას გთავაზობთ. რა აზრი აქვს სოფელ-სოფელ სიარულს, რომ მოსახლეობას ავუხსნათ ეს კარგია თუ ცუდი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს კონსტიტუცია არის ცუდი, ეს პროცესი იყო ცუდი და ჩვენ ამ პროცესის გალამაზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.