"ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილ ვიდეო მასალაზე, სადაც ოპოზიციის მტკიცებით, არჩევნების გაყალბებაა ასახული, შეფასებები მმართველ გუნდში გაკეთდა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ცალკეული დარღვევებით არ შეიძლება ითქვას, რომ ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა.
"კონკრეტულ შემთხვევებს არ შეიძლება მივაწეროთ, რომ ეს არის სისტემური. ბუნებრივია, ეს დარღვევები ყურადღებამისაქცევია. მაგრამ, რადგან 21 ოქტომბრის შემდეგ სხვა დარღვევები ვერ აღმოაჩინეს, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარდა უპრეცენდენტოდ გამჭვირვალედ,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
მმართველი გუნდის ნაწილი ამბობს, რომ უნდა დადგინდეს წარდგენილ ვიდეო მასალაში თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხომ არ მონაწილეობდნენ.
"პირველი, უნდა გაირკვეს, ვინ არის ეს ადამიანი, იქნებ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ასევე მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ ვინმემ თუ რამდენჯერმე მისცა ხმა, უნდა დაისაჯოს და ის პირებიც, ვინც ვალდებული იყო სიტუაციისთვის მონიტორინგი გაეწია, გაეპარათ რაღაც თუ შეგნებულად გააკეთეს, ეს გამოძიების საკითხია, ამას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.