პოლიტიკური შოუ, რომელსაც არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია დგამს - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარის თქმას ეხმაურებიან.
მმართველ გუნდის წევრთა თქმით, ოპოზიცია ბოიკოტით ცდილობს დამტკიცებული კონსტიტუცია ერთპარტიულად წარმოაჩინოს. მათვე განცხადებით, ოპოზიციის არ ყოფნა საკონსტიტუციო კომისიაში, უხერხულობას არ შექმნის.
„უხერხულობას იწვევს ის, რომ ჯერ კიდევ თავდაპირველად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ეტაპზე, იგივე პრეზიდენტი არ ჩაერთო პროცესში და რაღაც პარალელური პროცესები არჩია, იგივეს იმეორებს დღესაც. უხერხულობას იწვევს ის, რომ მაშინ როდესაც პრეზიდენტს შეეძლო პოზიტიურად გამოეყენებინა ვეტოს უფლება, მან არ გამოიყენა ეს და ფაქტობრივად ისევ ნეგატიური ხაზი გააგრძელა,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში საპარლამენტო ოპოზიციის უფუნქციობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილიც.
„საპარლამენტო ოპოზიციას საკანონმდებლო ცხოვრებაში და საკანონმდებლო პროცესში წვლილი დიდად ვერაფრით ვერ შეაქვს, ეს ცალსახაა და ამას საზოგადოება ხედავს. ამიტომ, კომენტარი მათ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჩემი მხრიდან ზედმეტია. რაც შეეხება ცვლილებებს, ეს არის ცვლილებები, რომელიც არის თანხვედრაში ჩვენს გაცხადებულ პოზიციასთან, რომ ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება ეს ცვლილებები,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.