ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო შესაძლოა, ახალ წლამდე დატოვოს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ შეტყობინება უკვე გადასცეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება ე.წ. უდოს კომისიამ უნდა მიიღოს.
ყოფილ პრემიერს უკვე მოხდილი აქვს სასჯელის ის ვადა, რის შემდეგაც მას ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი ეხება, თუმცა ადვოკატის განცხადებით, საქმეს აქვს პოლიტიკური შემადგენელი. მისი თქმით, მერაბიშვილის დაპატიმრებაც და გათავისუფლებაც პოლიტიკური პროცესია.
„მერაბიშვილთან ეს პერიოდი დამდგარია. ეს დამოკიდებულია სასჯელაღსრულების იმ კომისიაზე, რომელმაც უნდა განიხილოს და ასევე ხელისუფლებაზე. მერაბიშვილის დაპატიმრება პოლიტიკური პროცესი იყო. მისი გათავისუფლებაც პოლიტიკური პროცესი იქნება. შესაბამისად, დამოუკიდებულია ხელისუფლების ნებაზე. ამ შემთხვევაში მერაბიშვილს არავისთვის მიუმართავს, მოთხოვნა ან თხოვნა არ გაგვიკეთებია, ვინაიდან, ამ პროცედურის გავლა თვითონ ხელისუფლებას ევალება,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.