07 დეკემბერი 2024,   05:55
ვრცლად
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას ახალი წლის პერიოდში ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო. თბილისის მერის ინფორმაციით, დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება. რაც შეეხება გალა კონცერტებს - ის სამ ლოკაციაზე - გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება.

„დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება. წელს პირველად მთავარი საახალწლო ღონისძიებები ჩატარდება თბილისის გარეუბნებში. ეს არის გლდანი, სამგორი და ძველი თბილისი. ასევე მინდა გითხრათ, რომ 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მთელი თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები," - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე ინფორმაციით, საახალწლო კონცერტში წელს მონაწილეობას მიიღებს ძალიან ბევრი მომღერალი.

"ჩვენ საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ რაღაც პოლიტიკური შეხედულებების გამო ხდებოდა მომღერლების არჩევა, არ მოწვევა,“ - აცხადებს თბილისის მერი.

საახალწლო ღონისძიებებზე ისაუბრა თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმაც. სოფიო ხუნწარიას განცხადებით, მოეწყობა სივრცეები ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის. ასევე იქნება სპორტული ღონისძიებები და კონცერტები. საახალწლო ღონისძიებები 24 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

„დედა ენის ბაღში წელს მოეწყობა საახალწლო ქალაქი. ძალიან ბევრი ღონისძიება არის დაგეგმილი, რაც მცირე დროში შეუძლებელია რომ ჩამოვთვალოთ. ბუნებრივია, მუსიკალური მხარე ჟანრობრივად იქნება განსხვავებული. ასევე, სხვადასხვა სივრცეები გვექნება ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, სპორტული ღონისძიებებისთვის. გვექნება ღია კინოთეატრი,“ - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

დღის ამბები