„არ მგონია, პრეზიდენტი იმაზე მეტად იყოს შეშფოთებული, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას. გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რა დროსაც სასამართლო და პროკურატურა გააკრიტიკა.
მარგველაშვილი განმარტავს, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ შეწყალების მუხლის გამოყენება არასწორი და ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი იყო.
ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას ელოდება და დღეს გამოცხადებულ განაჩენს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოშველიებით ხსნის.
„არ მგონია, პრეზიდენტი იმაზე მეტად იყოს შეშფოთებული, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როდესაც თავის დროზე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ის შეშფოთებულია იმის გამო, რომ იკვეთებოდა ფაქტები და გარემოებები, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა, მთელი სახელმწიფო სტრუქტურები სანდრო გირგვლიანის საქმის ჩასაფარცხად და მათ შორის, პრეზიდენტიც, მის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებით მოქმედებდნენ ერთხმად,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი კი გიორგი მარგველაშვილის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღია და გამოძიება წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
„ჩემი აზრით, უნდა დაველოდოთ დასაბუთებულ განაჩენს და სასამართლო ხელისუფლება ამ აქტით საზოგადოებას გააგებინებს ანუ მიცემს იმის საშუალებას, გაეცნოს ყველა არგუმენტს, თუ რატომ იყო ეს განაჩენი გამოტანილი ამ სახით. სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული ეს არის ერთგვარი პირდაპირი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო მისი მოქალაქის მიმართ,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.