„კურიერის“ ინფორმაციით, პირი რომელმაც მკვლელობამდე გენერალი სამსონ ქუთათელაძე უკანასკნელად ნახა, გიორგი ჭანტურიაა, რომლის ოჯახიც წლების წინ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილის მფლობელი იყო.
გიორგი ჭანტურია რამდენიმე წლის წინ კახეთში პროკურორი იყო, ამჟამად კი რუსთავში კომისრის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. ჭანტურია ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა. დაკითხვის შემდეგ კი, სამართალდამცველებმა ჭანტურიას სახლში საგამოძიებო მოქმედებები მოჰყვა.
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ჭანტურიას ბრალი 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ვაზნების უკანონო შენახვას გულისხმობს. ჩხრეკა კი, არა გიორგი ჭანტურიას, არამედ მისი მშობლების სახლში ჩატარდა.
არსებული ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მაკაროვის ტიპის იარაღის 9 ვაზნა.
„მას ბრალი წარუდგინეს 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს უკანონოდ ე.წ. ვაზნების შენახვას. აბსოლუტურად სხვა საქმეზე იქნა დაკითხული და როდესაც მისი სახლი იქნა გაჩხრეკილი, თუმცა ეს სახლი არ ეკუთვნოდა მას, ეკუთვნოდა მის მშობლებს, შესაბამისად, ამოღებული იქნა ვაზნები. დღეს ასევე გამოიკითხნენ მშობლები, მისი ოჯახის წევრები, სადაც დაადასტურეს, რომ ნამდვილად აღნიშნული ვაზნები ეკუთვნის მამამისს, კანონიერად ფლობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში იარაღს, სწორედ ამ იარაღის ვაზნებია ეს,“ - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
გენერალ ქუთათელაძესა და ჭანტურიას შორის ბიზნეს კავშირს ადასტურებს ჭანტურიას ადვოკატი. მისი თქმით, სწორედ საერთო ბიზნეს ინტერესების გამო დაინტერესდა გამოძიება დაკავებულით.