მედია ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. კერძო ტელევიზიების წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს მიმართავენ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, არ დაძლიოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო.
მათი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის მიცემის უფლება კერძო ტელევიზიებს დააზარალებს.
„ჩვენი მთავარი პრეტენზიაა, რომ იმ დაფინანსების ფარგლებში, რაც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არ მივიჩნევთ, რომ მათ ასევე დამატებითი შემოსავალი კომერციული რეკლამიდან უნდა ჰქოდეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის მთლიანად დანარჩენი სატელევიზიო სპექტრი, არასამთავრობო სპექტრი, საერთაშორისო ორგანიზაციები და ამას ვეტო დაემატა,“ - განაცხადა TV პირველის” კომერციულმა დირექტორმა, ნანა აბურჯანიძემ.
კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მიესალმებიან, თუმცა დიდი მოლოდინი არ აქვთ, რომ ამას რეალური შედეგი მოჰყვება.
„შესაძლოა, ვვარაუდობთ, რომ ამ შეხვედრაზე ფორმალური ხასიათი ჰქონდეს და რეალური შედეგი არ მოჰყვეს, თუმცა კარგი იქნება თუ ეს იმედები გაცრუვდება და ამ შეხვედრას მოჰყვება რეალური შედეგები,“ - განაცხადა „რუსთავი 2"-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.
ტელეკომპანია ”იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ვახო ხუზმიაშვილს დიდი იმედი არ აქვს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს.