
რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 1999 წელს დაბადებული ნ.ც., გვიან ღამით, რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა.
იარაღის მუქარით გამყიდველს დაახლოებით 500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნ.ც., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.