ბრიუსელის ფორუმზე რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და მისგან მომდინარე საფრთხეები ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. დისკუსიაში, სახელწოდებით „ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი“, საქართველოს პრეზიდენტმა, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ევროკომისიის წარმომადგენელმა და უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში შეერთებული შტატების სპეცწარმომადგენელმა მიიღეს მონაწილეობა.
დისკუსია, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა, სადაც პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს.
„რუსეთის პოლიტიკის მიხვედრას არ სჭირდება განსაკუთრებული დაზვერვა, ისინი ღიად საუბრობენ ამაზე. რუსეთს ცივი ომის განახლების პოლიტიკა აქვს და ჩვენც არა ცალ-ცალკე, არამედ საერთო საპასუხო პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები რეალობის მიმართ, რეალობა კი ის არის, რომ ჩვენ ვხედავთ რუსეთის სულ უფრო აგრესიულ პოლიტიკას მის სამეზობლოში და ვხედავთ ახალი ცივი ომის გამოწვევის მცდელობას... ჩემი აზრით, უნდა დავაჩქაროთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
უკრაინის ვიცეპრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძე აღნიშნავს, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწევთ, დაუბრუნდნენ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცხადებულ ვალდებულებას, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან.
გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში ამერიკელ სენატორებს ხვდება, რომლებიც ბრიუსელის ფორუმში მონაწილეობას იღებენ.