20 საათს გაგრძელდა უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა. ამის მიუხედავად, გულშემატკივრების დიდი ნაწილი - რამდენიმე ათასი ადამიანი მაინც უბილეთოდ დარჩა, რაც ვაკის პარკში შეკრებილებმა გააპროტესტეს.
„ეს არის ხალხის დაცინვა,“-განაცხადა ერთერთმა გულშემატკივარმა.
მათი მტკიცებით, ფედერაციამ ბილეთების დიდი ნაწილი სალაროებიდან არ გაყიდა. ისინი ბილეთების შეძენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.
გვიან ღამით ადგილზე არაერთი მცირე ინციდენტიც მოხდა. ერთმანეთს სპეციალურ სიებში ჩაწერილი და სალაროებთან ღამით მისული პირები დაუპირისპირდნენ. მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებიც სიებში არ იყო და ცოცხალი რიგი ქონდათ, განმარტებებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან ითხოვდნენ.
იყო ბარიერის გარღვევის მცდელობაც. ე.წ. სპეციალურ სიებში 50 კაციანი 120 ჯგუფი იყო - მათგან 40 ბილეთების გარეშე დარჩა. სალაროებთან მისვლა ვერ შეძლეს ცოცხალ რიგში მყოფმა მოქალაქეებმაც.