მეთიუ დელავედოვა, რომელიც ნბა-ს გასული სეზონის აღმოჩენა გახდა, „კლივლენდთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ავსტრალიელი კალათბურთელი გუნდში კიდევ ერთ წელს გაატარებს და ამ ხნის განმავლობაში ხელფასის სახით 1.2 მილიონ დოლარს მიიღებს.
2014-2015 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, დელავედოვა თავისუფალი აგენტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ „კავალიერსმა“ მო უილიამსი დაიმატა, კლუბის ხელმძღვანელობამ მისი ბროძოლისუნარიანობის გამო, ავსტრალიელის შენარჩუნება გადაწყვიტა.
გასულ სეზონში დელავედოვას ხშირად უწევდა ტრავმირებული კაირი ირვინგის შეცვლა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მისი თამაში პლეი ოფში იყო, როდესაც „კლივლენდმა“ „ჩიკაგო“ დაამარცხა.
მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის დროს დელავედოვას გარდა, „კლივლენდმა“ ახალი ხელშეკრულებები გაუფორმა ლებრონ ჯეიმსს, კევინ ლავს, იმან შამპერტს და ჯეიმს ჯონს. „კავალიერსს“ ასევე ტრისტან ტომპსონის და ჯეი არ სმიტის შენარჩუნებაც სურს.