ბორის ბაიჭაძის სახელობის დინამო არენიდან მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი მსოფლიოს 57 ქვეყანაში გადაიცემოდა. თბილისში სუპერთასის სამი რეკორდი დამყარდა - 9 ბურთი შეხვედრაში, 51500 მაყურებელი და ენერ ბანეგას ყველაზე სწრაფი გოლი.
დინამო არენაზე სევილია ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდა. შეხვედრის 90 წუთი ფრედ 4:4 დასრულდა. 115-ე წუთზე კი პედრომ ბარსელონას გამარჯვება მოუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:4.
გამარჯვებულებს სუპერთასი UEFA-ს პრეზიდენტმა გადასცა.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც ორი ბურთი გაიტანა და ორ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა. არგენტინელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული მადლობა თბილისს გადაუხადა.
"მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის. მართლაც ისეთი შეგრძნება იყო, რომ ჩვენ ვიყავით მასპინძლები. დასაწყისი ოდნავ უცნაური გამოდგა. ჩვენ ვაგებდით. თუმცა, თამაში გამოვასწორეთ და გოლებიც გავიტანეთ. 60 წუთის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ მოვეშვით და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მივეცით. საბედნიეროდ, მაინც მოვახერხეთ გამარჯვება", - განაცხადა მესიმ.
სუპერთასის მატჩის მონაწილე გუნდებმა თბილისი გვიან ღამით დატოვეს.