დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. 2014 წლის მსგავსად ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მთავარ შეხვედრაში მადრიდული დერბი შედგება. ერთმანეთს ატლეტიკო და რეალი დაუპირისპირდებიან.
ატლეტიკომ 2014 წელს დასანანი მარცხი განიცადა. გუნდი 93-ე წუთამდე იგებდა შეხვედრას, თუმცა სერხიო რამოსმა გაათანაბრა და დამატებით დროში რეალმა კიდევ 3 ბურთი გაუტანა მეტოქეს. ატლეტიკო რევანშისთვის ემზადება, სამეფო კლუბი კი მეთერთმეტე თასის მოპოვებას აპირებს.
"ატლეტიკო ჩვენთვის გამორჩეული მეტოქეა. ფინალამდე მათ ევროპის ორ უძლიერეს კლუბს აჯობეს, ასე რომ, ჩვენ ძალიან რთული დაპირისპირება გველის. როგორც ყოველთვის, ატლეტიკო დაცვაში საიმედოდ ითამაშებს, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ატლეტიკო მარტო თავს იცავს, ამ გუნდმა ძალიან კარგად იცის ფეხბურთის თამაში. სიმეონეს გუნდს შეუძლია ნებისმიერი მეტოქე ჩააგდოს გამოუვალ მდგომარეობაში. ჩვენ ეს კარგად გვესმის და ვფიქრობთ, შევძელით სათანადოდ მოვმზადებულიყავით. შევეცდებით, ფინალში ჩვენი ფეხბურთი ისე ვითამაშოთ, რომ სანანებელი არაფერი გაგვიხდეს," - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.
ფერნანდო ტორესმა კი რეალთან გასამართ დაპირისპირებას თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა უწოდა.
"ეს ფინალი ყველაფერს ნიშნავს, ყველაფერს რაზეც ბავშვობიდან ოცნებობ. მე მაქვს შანსი, რომ ეს ოცნება ავიხდინო. რამდენიმე დიდ გუნდში ვითამაშე, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებულია, ეს სწორედ ის არის, რაც ბავშვობიდან მინდა. მე დავბრუნდი ატლეტიკოში და ვბრძოლობ საკუთარი ადგილისთვის. ეს შეხვედრა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტია, ამაში ეჭვი არ მეპარება."
გთავაზოთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს UEFA-ს მიხედვით.
რეალი - ნავასი, კარვახალი, პეპ, რამოსი, მარსელო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ბეილი, ბენზემა, რონალდო.
ატლეტიკო - ობლაკი, ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფელიპე ლუისი, კოკე, გაბი, ფერნანდესი, საული, გრიზმანი, ტორესი.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.