16 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
კონფლიქტი ამოწურულია - დელ ბოსკე და კასილიასი ერთმანეთს თბილად დაემშვიდობნენ

ესპანეთის ნაკრებს ვისენტე დე ბოსკე დაემშვიდობა. "ულვაშამ" ნაკრებთან ერთად ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. შემდეგ იყო 2 ჩაგდებული ტურნირი და დელ ბოსკეც წავიდა. ამით ესპანეთის ნაკრებში კიდევ ერთი დიდი ეპოქა დასრულდა.

დღეს ფეხბურთელები 65 წლის სპეციალისტს გულთბილად ემშვიდობებიან და გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდიან, მათ შორის არის იკერ კასილიასიც, რომელსაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე სამწვრთნელო შტაბთან კონფლიქტი ჰქონდა. კასილიასი სათადარიგო სკამზე ყოფნას ვერ ეგუებოდა და ამის გამო დელ ბოსკეს ხმას არ სცემდა.

"იკერს თანაგუნდელებთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბთან მიმართებაში მისი ქცევა არ იყო კარგი. ის ძალიან გაბრაზებული იყო. ზუსტად ამის გამო, როდესაც წავალ ყველა ფეხბურთელს, გარდა კასილიასისა, მადლობას მივწერ," - განაცხადა დელ ბოსკემ რამდენიმე დღის წინ.

როგორც აღმოჩნდა იკერმაც გაანალიზა დელ ბოსკეს წყენა და მწვრთნელთან 25 წლიანი ურთიერთობის შენარჩუნება გადაწყვიტა. (დელ ბოსკეს მწვრთნელობის დროს კასილიასი მადრიდის რეალის ძირითადი შემადგენლობის მეკარე გახდა). იკერი და ვისენტე ერთმანეთს თბილად დაემშვიდობნენ და კასილიასმაც სოციალურ ქსელში "მისტერთან" ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა და მას წარმატება უსურვა. ამით ესპანეთის ნაკრების ორ ლეგენდას შორის კონფლიქტი ამოიწურა.

"ულვაშას" წასვლას ნაკრების ყველა წევრი თბილად გამოეხმაურა.

"დღეს შენ მიდიხარ, მაგრამ შენი კვალი სამუდამოა. წარმატებას გისურვებ როგორც მწვრთნელს და როგორც ადამიანს," - დაემშვიდობა დელ ბოსკეს სერხიო რამოსი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გახდება ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. უცხოურ მედიაში ყველაზე რეალურ ვერსიად ხუაკინ კაპაროსის კანდიდატურას მიიჩნევენ.

 

წყარო: 101greatgoals.com

დღის ამბები