მმართველი გუნდის მიერ გედევან ფოფხაძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ოპოზიცია ეხმაურება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართულ ოცნებას“ კოლექტიურ გედევან ფოფხაძეს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამ პარტიას არაფერი აერთიანებს.
„ძალიან მიამიტური იქნება ნებისმიერ რღვევაზე საუბარი ვინაიდან ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია ერთიანი ღირებულებები. შესაბამისად ღირებულებითი რღვევა ალბათ ვერ მოხდება. ის ორი გამაერთიანებელი ფაქტორი, რომელიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ ეს იყო ზიზღი და ივანიშვილის ფული დღესაც სახეზეა. შესაბამისად მე მაინც მგონია რომ ნებისმიერი რღვევა არის ტაქტიკური, არასერიოზული და "ქართული ოცნება" საბოლოო ჯამში ერთი დიდი კოლექტიური გედევან ფოფხაძეა,“-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები მოულოდნელი არ აღმოჩნდა "ევროპული საქართველოსთვის“. გიგა ბოკერიას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს.
„ჩვენთვის არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის. ამ ადამიანებს არასოდეს არაფერი არ აერთიანებდათ პოლიტიკური მრწამსის თვალსაზრისით. ამიტომ ნებისმიერი მოსახვევში ამ ტიპის პროცესები მოსალოდნელია ხოლმე და რაც დროს ეს პროცესები შეიძლება უფრო გაღრმავდეს კიდევაც. მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის იმის ლოდინი, რომ დაველოდოთ როდის იქნება უფრო ღრმა კრიზისი ივანიშვილის გუნდში იმის გამო, რომ მათ არანაირი პოლიტიკური მრწამსი არ აერთიანებთ, ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოების მობილიზება მოხდეს , რაც შეიძლება სწრაფად საარჩევნო გზით ამ ხელისუფლების შეცვლისთვის,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გედევან ფოფხაძე მწვავედ გააკრიტიკა. მან დეპუტატი რელიგიური გრძნობებით მანიპულირებაში და თანაგუნდელების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.