17 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
RMG GOLD-ის გადაწყვეტილება და პროტესტი ტანძიაში - ადგილობრივები სოფელში ღია კარიერების მშენებლობას აპროტესტებენ

ტანძია-ფიტარეთის სამანქანო გზა ადგილობრივებს დილიდან გადაკეტილი ჰქონდათ. სოფლის მცხოვრებლები კომპანია RMG GOLD-ის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, სოფელ ტანძიასთან ღია კარიერები უნდა გაკეთდეს. დილიდან აქციის მონაწილეებმა კომპანიის სატვირთო ავტომობილებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებსაც გზის გადაკეტვისკენ მოუწოდეს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მოჭრილი ხეების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. სოფელში ეჭვი აქვთ, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანია ერთ-ერთ ადგილს ახალი კარიერისთვის ამზადებს.

RMG GOLD-ის წარმომადგენლები ტანძიის მოსახლეობასთან შეხვედრებს პერიოდულად მართავენ.

სოფელში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიას მუშაობაში ხელს არ შეუშლიან, მათ კომპენსაციებს, სამუშაო ადგილებსა და სკვერების მოწყობას სთავაზობენ. ამ დრომდე ადგილობრივები პირობებს არ თანხმდებიან. მათი ერთადერთი მოთხოვნა სამუშაოების შეჩერებაა.

აქციაზე დღეს "არ ემ ჯი გოლდის" ხელმძღვანელს უშედეგოდ ელოდებოდნენ. თბილისის ოფისში კი „კურიერს“ განუცხადეს, რომ ტანძიას ეკოლოგიური საფრთხე არ ემუქრება.

ტანძიაში მოსახლეობა პროტესტს განაგრძობს და სამანქანო გზაზე 24-საათიან მორიგეობას აწესებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები