17 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
იმის თქმა, რომ მინისტრმა გადაგვარჩინა, აბსურდია... მინისტრმა გვითხრა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს - ნინო ჯანგირაშვილი

შს მინისტრის განცხადებებს, რომელიც მან გადაცემა  არჩევანში გააკეთა, ტელეკომპანია კავკასიას დირექტორი ეხმაურება.

ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ნათია მეზვრიშვილის ნათქვამი, რომ კლუბებიდან ადამიანები გამოდიოდნენ და იღუპებოდნენ, ალოგიკურია, რადგან  ჯერ დადასტურებული არ არის, რომ გარდაცვლილებმა ნარკოტიკული საშუალებები კლუბში მიიღეს.  

ნინო ჯანგირაშვილი ასევე ინტერესდება, რატომ რჩება საგამოძიებო სამსახური ამ დრომდე, თუნდაც, კლუბ ბასიანში.

„რას ჩხრეკენ ისინი, კედლებს ჩხრეკენ?“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მისთვის გაუგებარია ის ფორმაც, როგორც კლუბიდან გამოსულ ადამიანებს პოლიცია ექცეოდა და ამ დროს შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ არავის უფლება არ დარღვეულა.

„პოლიცია იქცეოდა სასტიკად. პოლიცია იქცეოდა ზღვარგადასულად,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ნინო ჯანგირაშვილის განმარტებით, მისთვის ასევე გაუგებარია შეფასება, თითქოს, შს მინისტრმა ქვეყანა ააცილა სამოქალაქო დაპირისპირებას.

ის ამბობს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მაშინ ხდება, როდესაც ორი დაპირისპირებული მხარე არის აგრესიული. მისივე თქმით, "ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეები მართავდნენ მშვიდობიან აქციას მაშინ, როდესაც ნეონაცისტური ჯგუფები იყვნენ განწყობილი ძალადობისკენ, ამიტომ უნდა განხორციელებულიყო ამ ადამიანების დაკავება.

„იმაზე საუბარი, რომ მინისტრმა გადაგვარჩინა, არაფერი არ გადაგვარჩინა, მინისტრმა გვითხრა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები