22 დეკემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ასლან ჯიოევი ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადმოყვანილი - "ძალა ერთობაშიას" წევრები მის გამოკითხვას ითხოვენ

მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრები აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ფილიპ ხაჩიროვის, დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მოძრაობის წევრების თქმით, ასლან ჯიოევი ახლა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წარმომადგენელი, ასლან ჯიოევი, ღუდუშაურის საავადმყოფოში გუშინ, სავარაუდოდ, ავტოავარიის შემდეგ გადმოიყვანეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ძალა ერთობაშია დამფუძნებელი, დავით ქაცარავა, აცხადებს, რომ გამოჯანმრთელებისთანავე ასლან ჯიოევს უკან დააბრუნებენ და ქართველი სამართალდამცავები ვერ დაკითხავენ.

„როგორც ექიმებისგან გავიგეთ, არც ისეთი მძიმე არის მისი მდგომარეობა, რომ მას სჭირდებოდეს რეანიმაციული განყოფილება, თუმცა, ამას იყენებენ იმისთვის, რომ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. ჩნდება კითხვა, რატომ ვმკურნალობთ ჩვენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც აწამებდნენ ქართველ ჯარისკაცებს. თუ ჯიოევს იცავს წითელი ჯვრის იმუნიტეტი, მაშინ არანაირი ხელსაყრელი სიტუაცია ჩვენ არ გვაქვს იმიტომ, რომ ეს იმუნიტეტი ნიშნავს იმას, რომ როგორც კი გამოჯანმრთელდება, უკან დააბრუნებენ. ანუ, არც არანაირი გამოკითხვა ჩაუტარდება, არც დაკითხვა, არც დაკავება და არანაირი სამართლებრივი პროცედურა მას არ შეეხება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სამართალდამცველებისთვის ეს გარემოება არაფრის მომცემი არ არის,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ. 

ძალა ერთობაშიას ინფორმაციით, ასლან ჯიოევი ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრია. ფილიპ ხაჩიროვი კი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, კავშირში არის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესთან.

დღის ამბები