22 დეკემბერი 2024,   16:51
ვრცლად
განკარგულება გამოსცეს ჩავიდეთ შახტში - მეშახტეები ფიქრობენ, რომ ადმინისტრაცია დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობს

მთავრობის განკარგულების მიუხედავად, ტყიბულის შახტის ადმინისტრაცია მეშახტეებს სამუშაო ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

მეშახტეებმა დღეს კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს წერილი, სადაც წერია, რომ მათ შახტში სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაატარონ, ორ კვირაში კი ქვანახშირის მოპოვებაც დაიწყონ. შეგახსენებთ, შახტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პრემიერმა გამოსცა განკარგულება, რომ გამოძიების დასრულებამდე დროებით დახურულიყო შახტი.

„ხალხს დღეს ადმინისტრაცია მოუწოდებდა შახტაში წასვლაზე ხალხი. გადმოგვცეს დოკუმენტი,სადაც შს სამინისტროდანაა გამოგზავნილი, სადაც ნათქვამია, რომ შეიძლება სარემონტო სამუშაოები გააგრძელონ შახტაში. რაზეც ხალხი უარს აცხადებს. ველოდებით მიცვალებულების დაკრძალვას და ამის შემდეგ ვისმჯელებთ რა მოხდება მომავალში“-ამბობს მეშახტე. 

მეშახტეები ამბობენ, რომ ადმინისტრაციამ მუშაობის გაგრძელება მათ დღეიდან მოსთხოვა. მუშები ვარაუდობენ, რომ შახტის ხელმძღვანელობა კვალის დაფარვას ცდილობს.

„წარმოგვიდგინეს დოკუმენტი, რომ გაგვეგრძელებინა დღეიდან მუშაობა, 17 რიცხვის ბრძანებაა. სამხარეო პოლიციის დასკვნა მოიტანეს, რომ უფლებას აძლევს შევიდნენ სამუშაო ადგილებზე. ფარატინა ქაღალდია. თავმოყვარეობაც არ აქვთ, რომ ბიჭები არ დასაფლავებულან იქ სისხლია და ჩვენ გვამუშავებენ.

„ვიცი რაც ხდება, ბავშვმაც იცის, როცა ჩამოვლენ ექსპერტები. თუ მართლა მოდიან ექსპერტები უცხო ქვეყნიდან დაახვედრებენ ყველაფერს, რომ აქ თითქოს არაფერი არ შეიძლება მოხდეს,"ამბობს მეშახტე.

​შახტის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, მათთვის მისაღებია პრემიერის განცხადება, რომ შახტები დაილუქება გამოძიების დასრულებამდე.მეშახტეები აცხადებენ, რომ სხვა არცერთ განკარგულებას არ დაემორჩილებიან და არ დაუშვებენ იმ შეცდომას რაც მაისში მომხდარი ტრაგედიის დროს დაუშვეს.  

„ხალხს ეჭვი აქვს ან კვალის დაფარვა ხდება ან რაღაცა უნდათ, ვერ გავიგეთ. წინა აფეთქების დროს ჩამოიყვანეს უკრაინიდან დამკვირვებლები. ხალხი გაოგნებული გამოვიდა, რა აზრი ჰქონდა ჩვენს ჩამოყვანას, როცა კვალი დაფარული იყო, პერემიჩკები იყო გაკეთებული. კიდევ არ დაისჯება ვინმე, სკამები, რომელზეც სხედან სისხლით არის მოსვრილი, სირცხვილია უკვე. სისხლი დაალპობს მათ ფეხებს. ხო უნდა მიხვდნენ, რომ ან წავიდნენ, ან ჩვენ დაგვანებონ თავი. 1400 კაცის მოთხოვნაა, რომ ნუღა დაგვხოცავენ“ -ამბობს მეშახტე.

დღის ამბები