საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია, თუმცა ისევ უცნობია ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი. მმართველ გუნდში ამის შესახებ ჯერ ისევ არაფერს ამბობენ და არც იმას ადასტურებენ, დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს. ჟურნალისტებთან განმარტებებს არ აკეთებს თავად ზურაბიშვილიც. მინიშნებები, რომ შესაძლოა "ოცნებამ" მხარი არჩევნებზე სწორედ მას დაუჭიროს, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა, როდესაც დამოუკიდებელი კანდიდატის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
„ხსენებით, არაერთი კანდიდატი იყო ნახსენები. მათშორის პარტიული, არაპარტიული. ზოგადად დისკუსიები წარიმართებოდა, თუმცა არსებითი განხილვა ჯერ არ შემდგარა. შესაბამისად უნდა დაველოდოთ ასეთ განხილვას და ამის შემდეგ კონკრეტული პოზიცია დაფიქსირდება ჩვენი მხრიდან,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.