„ეკლესიას რომ გვჯეროდეს, რომ უდანაშაულოა, ჩვენ გამოვიყვანდით აქამდე,“ - ეს განცხადება მეუფე იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გააკეთა. მღვდელმთავარი ამ განცხადებით იმ სასულიერო პირის ნაწილს გამოეხმაურა, რომლებიც დეკანოზის უდანაშაულობაზე საუბრობენ. კითხვაზე, "ფიქრობს თუ არა პატრიარქიც, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეში დამნაშავეა," მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქიც დამნაშავედ მიიჩნევს დეკანოზს. პატრიარქის ქორეპისკოპოსი აცხადებს იმასაც, რომ მას პირად საუბარში მეუფე გრიგოლმაც დაუდასტურა, რომ დეკანოზი მამალაძე დამნაშავეა.
მეუფე იაკობი ჭორს უწოდებს დეკანოზის იმ განცხადებას, რომ ის და პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში ყველაზე დიდი გავლენებით გამოირჩევიან და მსჯავრდებულის წინააღმდეგ გამიზნულად მოქმედებენ. მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მატყუარა ადამიანად მოიხსენიებს.
გარდა ამისა, მეუფე იაკობი სასულიერო პირების იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომლებმაც თქვეს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საგანგებო შეკრება უნდა შედგეს. მეუფე იაკობი მათ გაფრთხილებას აძლევს.
„არ გვინდოდა, რომ ეს თემა ძალიან გახმაურებულიყო და თუ არ მოისვენებენ ისინი ვინც მას იცავენ თვითონაც გაეხვევიან შარში,“-განაცხადა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ ის არავის ემუქრება და მისი სიტყვების ადრესატია ყველა ვინც დეკანოზ მამალაძეს იცავს.
ქორეპისკოპოსმა ასევე დაადასტურა, რომ წმ. სინოდი მამა გიორგი მამალაძისთვის დეკანოზის წოდების ჩამორთმევაზე იმსჯელებს.
მეუფე იაკობი ასევე აცხადებს, რომ არ აპირებს დეკანოზის მოთხოვნის გაზიარებას და ციხეში მის მოსანახულებლად შესვლას.
მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ მიიღო სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება, როდესაც ე.წ. ციანიდის საქმე წარმოებაში არ მიიღო.