17 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
„გვენეტაძის ეს გადაწყვეტილება არის, სასამართლოში არსებული მძიმე ვითარების დიაგნოზი," - ანა დოლიძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე ამბობს, რომ ნინო გვენეტაძის ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში მძიმე ვითარებაა.

„მისი ეს გადაწყვეტილება არის, სასამართლოში არსებული მძიმე ვითარების დიაგნოზი. სასამართლოში გაბატონებული დაჯგუფება და მისი გავლენები, „ქართული ოცნების“ მიერ, რეალურ სასამართლო რეფორმაზე, ფაქტობრივად, უარის თქმა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვის ნიშნები, ქმნიდა ვითარებას, რომელთანაც გამკლავებას სჭირდებოდა არა ადამიანური ძალა,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნინო გვენეტაძის გადადგომა მოულოდნელი იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, გვენეტაძის გადადგომა, ერთგვარი „განგაშის“ ზარი უნდა იყოს.

ჯანეზაშვილი, ნინო გვენტეძეზე ზეწოლაში, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს და მის გუნდს ადანაშაულებს. 

„ჩემთვის ეს განცხადება იყო ძალიან მოულოდნელი და შეიძლება ითქვას, შოკის მომგვრელიც კი. რაც შეეხება ის, თუ რას ვუკავშირებ, ბუნებრივია ოფიციალური განცხადება ჩემთვის არის ცნობილი, მაგრამ მე მაინც თვალს მივადევნებდი და საზოგადოების ყურადღებას მივაპყრობდი იმ მოვლენებზე, რომელის სასამართლო სისტემაში ხდება. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს, ნოემბერში, ნინო გვენეტაძემ გააკეთა განცხადება, რომ იგი იყო ძალადობის მსხვერპლი, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოყოლია არავის მხრიდან. ჩინჩალაძეს აქვს სერიოზული ბერკეტები და გავლენები სასმართლო სისტემაში და რეალური თავმჯდომარე, ფაქტობრივად, იყო ის ადამიანი, ვისაც ჰქონდა ეს ძალაუფლება,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია, ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გვენეტაძემ პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა. ის საზღვარგარეთ, რამდენიმეთვიან მკურნალობას საჭიროებს.

 

დღის ამბები