„ჩემთვის ეს განცხადება იყო სამწუხარო და მოულოდნელი,“ – ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნინო გვენეტაძის გადაგომის შესახებ გააკეთა. გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ გვენეტაძეზე რაიმე სახის ზეწოლა არსებობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა საბჭოში ყოველთვის იყო, თუმცა ამას არ ქონია ზეწოლის სახე.
„ჩემთვის ეს განცხადება იყო სამწუხარო და მოულოდნელი და მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ქალბატონ ნინოს. ეს არის, კიდევ ერთხელ მცდელობა, იმის, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ სასამართლოში მიმდინარე მოვლენები და პოლიტიკით დაიტვირთოს სასამართლო სისტემა. ეს ნამდვილად ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ, იცით საბჭოს სხდომებიდანაც, რომ გარკვეულ თემებზე გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენი ხედვები მაქსიმალურად დაახლოებული იყო. ჩვენ გადასული ვიყავით მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში საქმიანობაზე და ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებიც ამაზე მეტყველებს,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა.