უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინი გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომას პრეზიდენტი ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილმა გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ის მოვლენები, რომელიც ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა, მათ შორის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებები, სასამართლოში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა ის განცხადებებიც გაიხსენა, სადაც ნინო გვენეტაძე ამბობდა, რომ ის ზეწოლის მსხვერპლია.
„ყველა ნიშანდობლივია თავად ნინო გვენეტაძის განცხადება როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და იქ არსებული ვითარების თვისობრივად შეცვლა არის ჩვენი დემოკრატიისთვის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე რომელსაც არაერთი სერიოზული პრობლემა შეუქმნია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და სახელმწიფო სისტემისთვის“-განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ორშაბათიდან ის დაიწყებს კონსულტაციებს ყველა იმ პირთან, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს სახელმწიფოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევაში. პრეზიდენტი მოუწოდებს იურისტებს, აკადემიკოსებს, რომ ჩაერთონ პროცესში.
„ჩვენ როგორც საზოგადოება როგორც სახელმწიფო შევძლებთ გავიაზროთ ის გამოწვევა რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას. შევძლებთ მივხვდეთ რომ დღეს ქალბატონი ნინოს გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომლის თაობაზეც არაერთხელ არაერთი ჩვენი მეგობარი და ჩვენი პარტნიორი და ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იურისტები აღნიშნავდნენ. სასამართლო უნდა გაჯანსაღდეს. ეს არის გამოწვევა,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კითხვაზე: „ხომ არ ფიქრობს, რომ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს“, პრეზიდენტი ამბობს, რომ მაშინ როდესაც კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩაერთვება საზოგადოება „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური არგუმენტის გათამაშება იქნება უაზრობა.
„თუ დაპირისპირება იქნება ეს ჩემთან კინკლაობაში ვერ გადავა. ეს იქნება პასუხი საზოგადოების მიმართ. პასუხი, რომლის რეალური შინაარსი იქნება შემდეგი არა, ჩვენ პარტიას გვინდა ვაკონტროლოთ სასამართლო,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა პარტიას გადადოს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და იზრუნოს სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებაზე.
წარადგენს თუ არა პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ანა დოლიძეს, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ კონსულტაციებიც სწორედ ამიტომ იმართება. ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, ის არ დაასახელებს კონკრეტულ კანდიდატს, ამას გააკეთებს საზოგადოება.
„ეს არ იქნება ჩემს მიერ შერჩეული კანდიდატურა, კანდიდატურას შეარჩევს ქართული საზოგადოება,“-განაცხადა პრეზიდენტმა.
ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. მიზეზად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა, რის გამოც მას რამდენიმე თვიანი მკურნალობა საზღვარგარეთ ესაჭიროება.