საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. წირვის დასრულებისას ილია მეორემ მრევლისთვის იქადაგა.
მრევლს ქადაგებით მიმართა პატრიარქის მოსაყდრემაც. მეუფე შიომ ქადაგებაში ქვეყანაში ახალი კერპების აღმართვაზე და ცოდვის დაკანონების მცდელობაზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე ახალმა დრომ ახალი პრობლემები დააყენა, ახლაც არის მცდელობები დაინერგოს კერპმსახურება, რომელიც ძლიერნი ამა სოფლისანი თავისუფლების იდეის საფარ ქვეშ ხორციელ ცოდვებს ნორმად აცხადებენ, თქვენ გითქვამთ არაერთხელ, რომ ცოდვის დაკანონებით ადამიანი თავის გამართლებას ცდილობს, მაგრამ ვერანაირი კანონი მას ვერ გაამართლებს, თუ იგი ღმერთმა არ გაამართლა, ანუ ცოდვის დაკანონებით ამ ცოდვას ბოროტებაც ემატება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი კერპის აღმართვის მცდელობა საქართველოში რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და ცოდვის დაკანონება დამარცხდება,“- ქადაგებს მეუფე შიო.