10 წლის ვადით არჩეულმა ნინო გვენეტაძემ, ფიცის დადებიდან ზუსტად 3 წლის და 4 თვის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით, თანამდებობა დატოვა. ზუსტად არავინ იცის, რა აწუხებს უზენაესი სასმართლოს ყოფილ თავმჯდომარეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი ბოლო სხდომის წაყვანა ნინო გვენეტაძემ პრაქტიკულად ვეღარ შეძლო. უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბოლო პერიოდში, საკუთარ კოლეგებთან ურთიერთობა რთულ რეჟიმში უწევდა. 6 ნოემბრის სხდომაზე ნინო გვენეტაძეს ნერვებმა და მოთმინებამ უმტყუნა.
გახდა თუ არა ნინო გვენეტაძე ბულინგის მსხვერპლი, თუ თავად აბულინგებდა განსხვავებული აზრის მოსამართლეებს - ამ შეკითხვაზე არც სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს და არც გამოძიებას პასუხი არ გაუცია. მძიმე ბრალდებები ნინო გვენეტაძეს სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ საჯაროდ წაუყენა და პროკურატურას საქმით დაინტერესებისკენაც მოუწოდა.
მოსამართლეები, რომლებიც განსხვავებულ აზრს ღიად გამოხატავდნენ, სასამართლო სისტემას მალევე ტოვებენ. უზენაესი სასამართლო და ქართული მართლმსაჯულება არა მხოლოდ ყოფილი მოსამართლეების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობოების კრიტიკის ობიექტიც არაერთხელ გამხდარა. ყველაზე კრიტიკული და ხმაურიანი შეფასებები, ქართულმა სასამართლომ, "რუსთავ2"-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო დაიმსახურა.
ე.წ. ტესტების სკანდალი, ერთ ერთი პირველი სიმპტომი აღმოჩნდა, რომელმაც ნინო გვენეტაძის და სასამართლოს რეპუტაცია, სერიოზულად დააზარალა. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების დროს, ერთ-ერთი გამოსაცდელის პასუხის გასაჯაროების შემდეგ, დადასტურდა, რომ პასუხი ტესტს 100 პროცენტით დაემთხვა, წვდომა ტესტებზე ნინო გვენეტაძეს ჰქონდა.
ნინო გვენეტაძე, არაერთხელ გამხდარა მოსამართლეების მხრიდან ღია კრიტიკის ობიექტი. მოსამართლეთა ნაწილმა, მას ჯერ კანონში შესატანი ცვლილებები დაუწუნა, მოგვიანებით კი სასამართლოს თავმჯდომარეს არაკორექტული გამონათქვამების გამო, შიდა ქსელში აკრიტიკებდნენ. საქმის გარჩევებმა უზენაესი სასამართლოს შენობაში მაშინ გადაინაცვლა, როცა ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი არ მოაწერა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ხშირად ამბობდნენ, რომ საბჭოს ნინო გვენეტაძის ნაცვლად, სასამართლოში არსებული კლანი მართავს. აღმოჩნდა თუ არა ნინო გვენეტაძე, ჩინჩალაძის არაფორმალური მმართველობის მსხვერპლი, უცნობია.
კლანური მმართველობა და კორუფცია სასამართლო სისტემაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბოლო კვლევამ გამოააშკარავა. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ კლანის სათავეში მყოფი ბოსები, სასურველ სასამართლო განაჩენებში ფულს იღებენ.