ქორეპისკოპოსი იაკობი და ჭყონდიდელი პეტრე, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ღიად დაპირისპირებულ პოზიციებს იკავებენ.
მართლმადიდებელი ეკლესიის ორი მღვდელმთავარი ხმამაღლა ჰპირდება პრობლემებს ციანიდის საქმეში ჩართულ მხარეებს. კათოლიკოს პატრიარქის თანაშემწე შარში გახვევას ჰპირდება ყველას ვინც დეკანოზ მამალაძეს დაიცავს.
მეუფე პეტრე კი საპირისპიროდ, საღმრთო სასჯელს და პილატე პონტოელის ბედს უწინასწარმეტყველებს ყველას ვინც ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.
ქორეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ მეუფე გრიგოლმა, მასთან საუბარში დააფიქსირა, რომ დეკანოზი დამნაშავეა.
ერთი კვირის წინ მეუფე გრიგოლმა პატიმარი მღვდელი ციხეში მოინახულა. საკნიდან გამოსვლის შემდეგ კი თქვა, რომ სადავო ციანიდის საქმეში ბრალდებულის სასარგებლოდ ბევრი სიახლეა, დეკანოზი მსხვერპლია, ის რაც საკანში მოისმინა გამაოგნებელია. ამიტომ მისი თქმით, საქმე სინოდმა უნდა განიხილოს და 46-ივე ეპისკოპოსი მამა გიორგი მამალაძეს პირადად შეხვდეს.
ციანიდის საუკუნის საქმე უკვე ერთი წელი და ექვსი თვეა მღვდელმთავრებს ახალ ახალი მიზეზით აპირისპირებს.
უზენაესმა სასამართლომ ციანიდის საქმის განხილვაზე უარი ხუთ თვიანი ფიქრის შემდეგ თქვა და კიდევ უფრო მეტი კითხვა დატოვა ვიდრე საუკუნის საქმეზე მანამდე არსებობდა.
სინოდი შემოდგომაზე შეიკრიბება და ბრალდებულ დეკანოზზე საუბარი მოუწევთ. ქორეპისკოპოსი კი დარწმუნებულია, რომ მღვდელმთავართა უმრავლესობა თანახმა იქნება, რომ პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ მღვდელს დეკანოზის წოდება ჩამოართვან.