საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლის, პროკურორ ზვიად ფხაკაძის ქმედებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები.
საგამოძიებო კომისიის წევრის, ოთარ კახიძის თქმით, ფარდულში მყოფი ერთ-ერთი მოწმე აცხადებდა, რომ ჩხუბის დაწყებისთანავე მიხეილ კალანდიამ ჯიბეში ხელი ჩაიყო. კახიძის თქმით, თებერვალში „რუსთავი 2-ის" ეთერში გავიდა კადრები, სადაც მოწმე ასევე, ამავე გარემოებაზე საუბრობდა. თუმცა, კახიძის განცხადებით, დაკითხვის დროს მოწმე დ.ღ.-სთვის ამ გარემოების შესახებ კითხვა არ დაუსვამთ.
„ჩემთვის, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არსებობს ამ შეფასებების მართებულობასთან და რელევანტურობასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა შოთაძემ.
კახიძის თქმით, მოწმემ აღნიშნა, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემამდე, პროკურორ ფხაკაძესთან შეხვედრისას მან უთხრა, რომ ეს გარემოება, მ.კ.-მ რომ ჯიბეში ხელი ჩაიყო არ იყო საქმისთვის მნიშვნელოვანი.
„მე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა, თუ არ ვცდები, ეს მოწმე დღესდღეობით ბრალდებული არის ცრუ ჩვენებისთვის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ძალიან ცხადი და ცალსახა არის ამ ორ პიროვნებას შორის, ერთი ერთს ამბობს, მეორე, არ ვიცი, ზვიადი რას ამბობს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნებოდა, სანდოობა, მგონი აშკარა არის ამ შემთხვევაში,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ოთარ კახიძემ ასევე, აღნიშნა, რომ ფხაკაძემ მიხეილ კალანდიას ჩვენება საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პირდაპირ გაიზიარა. მაშინ, როცა გამოძიების ვერსიით, კალანდია ფარდულიდან 1-2 მეტრში იმყოფებოდა.
„ბატონმა ზვიად ფხაკაძემ გამოძიების ვერსიის საწინააღმდეგოდ გაიზიარა პოტენციური ეჭვმიტანილის მ.კ-ს ჩვენება და ის დააყენა 8-9 მეტრში ფარდულიდან, ამასთან დაკავშირებით ხართ თუ არა ინფორმირებული,“ - განაცხადა კახიძემ.
რაზეც შოთაძემ აღნიშნა, რომ ზვიად ფხაკაძეს საგამოძიებო ვერსიის საწინააღმდეგოდ არ უმოქმედია. თუმცა, შოთაძის თქმით, ამ დეტალებზე საქმის კურსში არ არის.