17 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
შსს-მ დაადგინა, ვინ იყო მირზა სუბელიანი და შესაბამისად, დააკავა კიდევაც, მაშინ, როდესაც საჭირო იყო მისი დაკავება - გახარია

„თქვენ ახლა, ოფიციალურად, პირდაპირ ეთერში, შსს-ს გამომძიებელს ადანაშაულებთ სიცრუეში,“ - ეს განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის მისამართით გააკეთა.

ირაკლი აბესაძის თქმით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნამდე საგამოძიებო უწყება არ დაინტერესებულა, ვისთან ჰქონდა მირზა სუბელიანს კავშირი. აბესაძემ სატელეფონო საუბრების ამონაწერი მიაწოდა, რომელიც გამომძიებელს, ირაკლი ფიფიას და მირზა სუბელიანს შორის იყო.

„2018 წლის 24 იანვარს, როგორ შეაფასებდით თქვენი უწყების წარმომადგენლების მოქმედებას, ვერ დაედგინათ ვიდეოკამერაზე ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მყოფი პიროვნების ვინაობა,“ - მიმართა ირაკლი აბესაძემ.

აბესაძის თქმით, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალებში შსს-ს წარმომადგენელმა ოქმში არ დააფიქსირა სუბელიანის შესვლა და ოქმში მას უცნობი მამაკაცი უწოდა, რომელიც თენგიზ კალანდიასთან ერთად გადაადგილდებოდა.

შს მინისტრის თქმით, სამართალდამცავმა არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა მირზა სუბელიანი.

ირაკლი აბესაძის თქმით, ფიფიამ მოიტყუა, რომ ის არ იცნობდა მირზა სუბელიანს, რის გამოც არ დააფიქსირა ოქმში. ამაზე კი მინისტრმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, რომ ფიფია კომისიას ტყუილს არ ეტყოდა.

„შსს-მ დაადგინა, ვინ იყო მირზა სუბელიანი და შესაბამისად, დააკავა კიდევაც, მაშინ, როდესაც საჭირო იყო მისი დაკავება,“ - განაცხადა გახარიამ.

ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ შეიძლება თუ არა სუბელიანს ბრალი დაუმძიმდეს ან დაიწყოს ახალი გამოძიება.

„ჩვენ ველოდებით თქვენი კომისიის რეკომენდაციას და დასკვნას, თქვენ ამისთვის შეიქმენით, იმისთვის, რომ დაადგინოთ, ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი. თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ ფიფიას მიერ ყველა მშობელთან განხორციელებული ზარი და ყველგან დავიწყოთ გამოძიება, ამიტომ ხართ თქვენ შექმნილები და ნება იბოძეთ, დაასრულეთ ეს კომისია და გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები და დასკვნები და მერე გავაგრძელოთ ამაზე მსჯელობა,“ - განაცხადა გახარიამ.

მინისტრის თქმით, თუ გამოვლინდა სუბელიანის ბრალეულობა, მაშინ გატარდება შესაბამისი პროცედურები და გახარიას თქმით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი კომისიის მუშაობის დაწყების შემდეგ არ დაუკავებიათ.

დღის ამბები