17 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
გამოძიებას ჰქონდა 35 დღე - შს მინისტრი ხორავას ქუჩის საქმის გამოსაძიებლად შეზღუდული დროის ქონაზე საუბრობს

„ეს ყველაფერი თავის დროზე, დეკემბერში რომ ყოფილიყო გაკეთებული, იგივე შედეგი ხომ იქნებოდა დამდგარი?“ - ამ კითხვით საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ შს მინისტრს მიმართა. კაპანაძემ გიორგი გახარიას წინა წლის 4 დეკემბერს გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც მინისტრმა აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე ყველა მთავარი ფიგურანტი გამოკვეთილია.

სერგი კაპანაძეს აინტერესებდა, რატომ არ დაუშვა გამოძიებამ, რომ აღნიშნული პირების გარდა, სხვების ბრალეულობაც შეიძლება გამოკვეთილიყო.

„თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ ახალი გამოძიების ფარგლებში გამოკითხული არის ის ადამიანები, რომლებიც მაშინ გამოკითხული არ ყოფილა, გამოვლენილი არის ახალი გარემოებები, რომლებიც სავარაუდოდ, პოტენციურად, შესაძლო ახალი, ფიგურანტის მიმართ არის, ეს ყველაფერი თავის დროზე, დეკემბერში რომ ყოფილიყო გაკეთებული, იგივე შედეგი ხომ იქნებოდა დამდგარი,“ - მიმართა სერგი კაპანაძემ.

ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იგივე შედეგი არ დადგებოდა, რადგან უწყება გამოძიებას შეზღუდულ დროში ახორციელებდა.

„გამოძიებას ჰქონდა 40 დღე, უფრო სწორად 35 დღე იმიტომ, რომ 5 დღით ადრე უკვე მტკიცებულებები უნდა გაგვეცვალა, რეალურად, პირველი დაკავებიდან მეორე დაკავებიდან იყო 4 დღე და ყველას კარგად გახსოვთ, რამხელა ემოციური ფონი იყო, იმიტომ, რომ რეალურად არსებობდა რისკი ერთ-ერთი შესაძლო დამნაშავის ქვეყნიდან გაყვანის, რეალურად გამოძიებას ჰქონდა 30-29 დღე. ამის შემდგომ დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც გამოძიება, როგორც ასეთი, ჩართული არ იყო, იმიტომ, რომ ქვეყანაში ბრალმდებელი გვყავს მთავარი პროკურატურა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ძირითადი ფიგურანტები იყენებდნენ დუმილის უფლებას და სასამართლოს ბოლო ჩვენებაზე მისცეს გარკვეული ჩვენებები, სადაც, ფაქტობრივად, პირველად გაჩნდა რეალურად მირზა სუბელიანის მიმართ. ამის შემდგომ დაიწყო ის, რაც დაიწყო და გამოყოფილი საქმე ამოქმედდა უკვე აქტიურად და სრულად,“ - განაცხადა შს მინისტრმა.

შს მინისტრის თქმით, დაკითხულია 119 პირი და პირველი გამოძიების დროს სამართალდამცავები გამოძიების სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებდნენ.

დღის ამბები