მიეცით თუ არა მირზა სუბელიანის დაკითხვის დავალება - ეს კითხვა საგამოძიებო კომისიის წევრმა, გიგა ბოკერიამ ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს დაუსვა.
საგამოძიებო კომისიის წევრებს აინტერესებდათ, მისცა თუ არა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს მირზა სუბელიანის დაკითხვის მითითება.
შოთაძის თქმით, სუბელიანმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და შვილის დაკითხვას დაესწრო.
„ბატონმა სუბელიანმა ჩვენთან დაკითხვისას კომისიის მიერ უარყო შაყულაშვილთან ეს შეხვედრა, უარყო კატეგორიულად. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ეს ეთქვა, ცრუობს, მატყუარაა? - აღნიშნა ბოკერიამ, რაზე შოთაძემ უთხრა, რომ არ იცის.
გიგა ბოკერიას ასევე, აინტერესებდა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო სუბელიანმა, როდესაც თანამდებობა დატოვა.
„რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფაქტს, მირზა სუბელიანმა მოგვმართა განცხადებით გადადგომაზე და მე დავუკმაყოფილე ეს განცხადება. ეს იყო მისი გადაწყვეტილება და არ ვაპირებ ამის შეფასებას... მე რომ ვყოფილიყავი მირზა სუბელიანის ადგილზე, მეც მივიღებდი ანალოგიურ გადაწყვეტილებას, რათა პროკურატურა ამერიდებინა შესაბამისი ზიანისგან,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
რაც შეეხება, სუბელიანის განცხადებას, რომ ირაკლი შოთაძემ უთხრა, რომ გადადგომას ჩქარობდა, ამასთან დაკავშირებით ყოფილმა მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მან ეს სიტყვები უთხრა სუბელიანს.
„მე მიმაჩნდა, რომ მირზა სუბელიანის გადადგომის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.