„მოატყუეთ საზოგადოება თუ ახლა ატყუებთ?“ - ამ კითხვით საგამოძიებო კომისიის წევრმა, ელენე ხოშტარიამ ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართა.
ელენე ხოშტარიას აინტერესებდა, ირაკლი შოთაძე იზიარებს თუ არა იმავე განცხადებას, რაც წინა წლის 6 თებერვალს გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ ყველა დაიკითხა, ვინც უნდა დაკითხული ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში.
ირაკლი შოთაძემ ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის იმ ინფორმაციას აცნობდა საზოგადოებას, რასაც მის დაქვემდებარებაში მყოფი პროკურორები ეუბნებოდნენ.
„ჩემთვის, ჩემი პროკურორების შეფასება და მოსაზრება სისხლის სამართლის საქმის, რასაც ისინი მე მაწვდიდნენ და რასაც მე შემდეგ საჯაროდ ვაჟღერებდი, სანდო არის და მისაღები დღესაც,“ - განაცხადა შოთაძემ.
ელენე ხოშტარიამ ყოფილ მთავარ პროკურორს ის განცხადებაც შეახსენა, სადაც მან აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების ფარგლებში ამოღებული დანიდან ამოსული არის ორივე მოკლული ადამიანის დნმ.
„იცით, თუ არა რომ ეს არის ტყუილი და ამ დანაზე არ არის ამოსული ორივე მოკლულის დნმ. ახლა გაიგეთ, მაშინაც იცოდით, შეცდით, არ მოგაწოდეს სრულად ინფორმაცია, მერე გაარკვიეთ თუ რა ხდება. როდესაც ძალიან პრინციპულ საკითხზე, სწორედ იმ საკითხზე, რომელზეც სასამართლომაც არ გაიზიარა პოზიცია სწორედ იმიტომ, რომ დნმ არ არის ამოსული ამ დანაზე,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
რაზეც შოთაძემ აღნიშნა, რომ ეს ტყუილი არ არის და იგულისხმებოდა, რომ ხელსახოცზე ამოვიდა დავით სარალიძის დნმ.
ხოშტარიას თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ფაქტობრივ ტყუილზე ისაუბრა.