17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
მესტიის რაიონი სტიქიის საფრთხის წინაშეა - მოსახლეობის ნაწილმა ბავშვები გახიზნა, ევაკუაციის გეგმა მზად არის

მესტიის სოფლების ნაწილი ამ დრომდე გახიზნულია და სახლებში დაბრუნებას ვერ ბედავს. ლეხზირის მწვერვალიდან ჩამოშლილმა ყინულმა მდინარე მესტია ჭალას კალაპოტი ჩაკეტა და მდინარის წყალი შეაგუბა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტიდან წყლის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოედინება, რაც იმის საშიშროებას ქმნის, რომ ღვარცოფმა და მესტიიდან ჩამოშლილმა ქვა ღორღმა სოფლები დატბოროს.

თავად ლეხზირის მწვერვალთან მიახლოება, საიდანაც ყინული დაიძრა ვერტმფრენით ვერ მოხერხდა. ამიტომ მაშველები მთაზე ფეხით ავიდნენ და ადგილი დაათვალიერეს.

სამაშველო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ საფრთხე იმდენად დიდია, რომ სპეციალისტებს უკვე აქვს ევაკუაციის გეგმა.

მესტიის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყინულის დნობის მიზეზი ჰესის მშენებლობაა, რომელიც ადგილობრივების აზრით, მესტიას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს.

გარემოს დაცვის სამინისტრო კი განმარტავს, რომ ლეხზირის მწვერვალიდან 400 მეტრში, ყინულის ჩამოსვლის შედეგად წყალი შეგუბდა, თუმცა ამ დროისთვის მდინარის კალაპოტში წყლის დონე ნორმის შესაბამისია.

მაშველები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.

დღის ამბები