მხედრიონის ყოფილი ლიდერი, დოდო გუგეშაშვილი, მისი შვილის მკვლელობის საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს. ის დარწმუნებულია, რომ ქილერი მის მოკვლას გეგმავდა.
გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ მკვლელი ისევ საქართველოშია და მისი სამიზნე ამჯერად პირადად გუგეშაშვილია.
თადარიგის პოლკოვნიკი დარწმუნებულია, რომ მისი და მისი შვილის მკვლელობა დაკვეთილი იყო. რა გახდა მკვლელობის მოტივი, დოდო გუგეშაშვილი კონკრეტულად არ ლაპარაკობს, თუმცა, რუსეთის კვალზე მიანიშნებს.
გუგეშაშვილის ოჯახზე განხორციელებული შეირაღებული თავდასხმის საქმეში რუსულ კვალს არც გამოძიება გამორიცხავს. რამდენიმე დღის წინ გუგეშაშვილმა და მისმა ინტერესების დამცველმა გლდანის ციხიდან ერთ-ერთი პატიმრისგან შეტყობინება მიიღეს.
პატიმარი. რომლის ვინაობასაც თადარიგის პოლკოვნიკი ჯერ არ ამხელს, ამტკიცებს, რომ გუგეშაშვილის მკვლელობა მას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ თურქეთში ერთ-ერთი რუსი გენერლის დავალებით დაუკვეთეს.
კურიერის ინფორმაციით, აღნიშნული პატიმარი პანკისელი რამაზ მარგოშვილია.
მარგოშვილი, რომელიც ახლა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით სასჯელს იხდის, გასულ წელს თურქეთში მართლაც იმყოფებოდა.
კურიერის ინფორმაციით, მარგოშვილმა დოდო გუგეშაშვილის ადვოკატს მკვლელობის დამკვეთთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გლდანის ციხეში შეხვედრის დროს მიაწოდა.
კურიერის ინფორმაციით, რამაზ მარგოშვილი რუს გენერალსა და მას შორის შუამავალსაც ასახელებს. მარგოშვილის გამოკითხვა გლდანის ციხეში უახლოეს დღეებში იგეგმება. ამ საქმეზე საგამოძიებო უწყებაში უკვე დაკითხეს დოდო გუგეშაშვილი და მისი ადვოკატიც.
მხედრიონის ყოფილი ლიდერის ოჯახზე შეირაღებული თავდასხმა 2017 წლის თებერვალში მოხდა. შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც დოდო გუგეშაშვილის 33 წლის შვილი მოკლა, თავად თადარიგის პოლკოვნიკი კი მძიმედ დაჭრა, კურიერის ინფორმაციით, ქვეყნის დატოვება იმავე დღეს შეძლო. საქმის მასალების მიხედვით, დოდო გუგეშაშვილს ქილერი თავდასხმამდე 4 თვით ადრე ზურას სახელით გაეცნო და ქარვის ერთობლივი ბიზნესის წამოწყება შესთავაზა. გუგეშაშვილსა და ვინმე ზურას შორის ერთობლივი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია გამოძიებასაც აქვს და სამართალდამცველები ამ ვერსიაზეც მუშაობენ.