ბეშუმში შუამთობის დღესასწაული ადგილობრივებს პრემიერმა მიულოცა. სიტყვით გამოსვლის დროს მამუკა ბახტაძემ საქართველოსთვის მთის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე ისაუბრა ელექტრო და წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებულ ხარვეზებზე.
„განსაკუთრებით სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ახალი საავტომობილო გზა რომლის მშენებლობაც დაიწყება. ეს არის ხულო-ზარზმა. ეს ჩვენ მოგვცემს უნიკალურ შანსს, რომ მთიანი აჭარა გადავაქციოთ ოთხ სეზონიან კურორტად. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი. არსებობს გარკვეული ხარვეზები ეს ეხება ელექტროენერგიით მომარაგებას. ჯერ კიდევ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის დასრულებული, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 24 საათიან რეჟიმში წყლის მომარაგება. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ თავიანთი პოტენციალის გაუმჯობესების საშუალება მთაში,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის წევრებმა დღესასწაული ტრადიციის მიხედვით ახალდაქორწინებულ წყვილსაც მიულოცეს და მათ სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს. სახალხო ზეიმს ბეშუმში ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
„ევროპული საქართველოს“, გაერთიანებული ოპოზიციის და "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატებმა დავით ბაქრაძემ, გრიგოლ ვაშაძემ და შალვა ნათელაშვილმა მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცეს.
„ეს არჩევნები იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის და იმ გზაგასაყარზე ვდგევართ, სადაც ორ საქართველოს შორის მოგვიწევს არჩევანი. ერთი, რომელიც ე.წ. ქართულმა ოცნებამ შექმნა 6 წლის განმავლობაში და მეორე , რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა- განვითარების, კეთილდღეობის, სიდუხჭირის და სიღარიბის მოსპობის და ემიგრაციის საჭიროების მოსპობის გზაზე,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.