დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პრეზიდენტის უმოქმედობით იმედგაცრუებულია. მამალაძეების ოჯახში ფიქრობდნენ, რომ მას შემდეგ რაც ქვეყნის პირველ პირს, დეკანოზის ადვოკატებმა ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადასცეს, გიორგი მარგველაშვილის ვადის ამოწურვამდე დეკანოზს შეიწყალებდა. თუმცა იმედი პრეზიდენტის ბოლო ბრიფინგმა გაუცრუათ, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა შეწყალებაზე არაფერი თქვა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე ისაუბრა.
მისი უმოქმედობა ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა მამალაძეების ოჯახისთვის, როგორც უზენაესი სასამართლოს უარი - წარმოებაში მიეღო ე.წ. ციანიდის საქმე.
ოჯახი ახლა სინოდის გადაწყვეტილებას ელოდება. მღვდელმთავრების ნაწილმა უკვე დააანონსა, რომ მამა გიორგი მამალაძისთვის დეკანოზის წოდების ჩამორთმევაზე იმსჯელებენ.
ყველაფრის მიუხედავად მამალაძეების ოჯახი ისევ ითხოვს პატრიარქთან აუდიენციას, სურთ თავისი ყურით მოისმინონ სჯერა თუ არა უწმინდესს სასამართლოს ვერსიის, რომ მამა გიორგი მას ან მის მდივანს შორენა თეთრუაშვილს გერმანიაში ციანიდით მოწამლავდა, იქვე გაიქცეოდა, შემდეგ კი იგივე წმინდა სინოდი 34 წლის მკვლელ დეკანოზს დააწინაურებდა, სწორედ ასეთია ბრალდება, რომელიც დეკანოზს აქვს წაყენებული.