საქალაქო სასამართლოში გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის პროცესი გაიმართა. სხდომაზე დაცვის მხარის 8 მოწმე დაიკითხა, ადვოკატებმა მტკიცებულებად ვიდეო მასალა წარადგინეს, რომელშიც ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისი მხრიდან პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობის ფაქტები არ ვლინდება.
დაცვის მხარის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე დაიწყო.
„უცენზურო სიტყვებს როდესაც ვიყენებ ეს არის, როდესაც კომენტარს ვაძლევ ჟურნალისტებს და ქი არ არის საუბარი რომელიმე პოლიციელის პირად შეურაცხყოფაზე. ბრალდების მხრიდან ფაქტიურად მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, არის ორი ჩვენება წერილობითი, ორი პოლიციელის მიერ, რომლებიც ყვებიან ზღაპრებს და თითქოს მე როდესაც მივედი რუსთაველის გამზირზე დავიწყე ყველას მიმართულებით დედის გინება და მიუხედავად რამდენჯერმე გაფრთხილებისა არ გავჩერდი, თუმცა ამის არანაირი ვიდეო მტკიცებულება საქმეში არ არსებობს,“- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძე 12 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს და გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გირჩის ლიდერს პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავება.