„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება ეყოლება თუ არა მმართველ გუნდს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი თუ მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს თუ კი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტოს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტს.
გია ვოლსკის განცხადებით, დიდი ალბათობით მმართველი გუნდი დღესვე ჩამოყალიბდა საბოლოო გადაწყვეტილებაზე, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მორიგი პოლიტსაბჭოს სხდომის ჩანიშვნა გახდეს საჭირო.
„დღეს უმრავლესობის შეხვედრაა და ვფიქრობ, რომ ბევრი თემაა განსახილველი მათშორის ეგ თემაც იქნება აუცილებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული. მე ველოდები, რომ დღეს შევჯერდებით, თუ არა და კიდევ შევხვდებით.
პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე მმართველი გუნდის წევრების ნაწილი ღიად გამოხატავს სალომე ზურაბიშვილისადმი სიმპათიას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის კარგიც კ იქნება თუ „ქართულ ოცნებას’ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.
„ჩემთვის შეიძლება სალომე ზურაბიშვილის იყოს მისაღები კანდიდატი. ჩვენ პოზიციაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. იმიტომ, რომ გუნდში შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. და ზოგადად ის პოზიცია, რომ ჩვენ არ გვყავდეს პარტიული პრეზიდენტი მგონია, რომ არის კარგი გრძელვადიან პერსპექტივაში მოემსახურება ჩვენი ქვეყნის უფრო მეტ დემოკრატიულ განვითარებას,“-განაცხადა თამარ ხულორდავამ.
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას 17:00 საათზე გააკეთებს. სწორედ ამ ბრიფინგის შემდეგ გაირკვევა ჩაერთვება თუ არა ის საარჩევნო მარათონში კანდიდატის სტატუსით. ის უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს თუმცა უცნობია მიიღო თუ არა მან გარანტიები არჩევნებში მხარდაჭერასთან დაკავშირებით.