„ეს არის სუს-ის მიერ გავრცელებული,“ - ასე აფასებს პანკისში მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, დღეს გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, რომლის შემქმნელებადაც ისლამური ხალიფატის მომხრეები სახელდებიან.
ვიდეოს ავტორები საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებას პირდებიან მათი მოკლული ძმების გამო.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ ვიდეოს კი "სუს-ის მიერ დადგმულ პროვოკაციას" უწოდებს და ვიდეოს შექმნას იმ ჩაშლილ შეხვედრას უკავშირებს, რომელიც სტრასბურგში უნდა გამართულიყო.
მაჩალიკაშვილი ასევე აცხადებს, რომ სუს-ი უკვე ამ ფორმით ცდილობს, თემირლან მაჩალიკაშვილი დაუკავშიროს ტერორისტულ ორგანიზაციას. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა მისი ოჯახის დისკრედიტაციის.
„ეს არის სუს-ის მიერ გავრცელებული, როგორც აქამდე აშუქებდნენ ბინძური მოქმედება ან თამაში, რასაც, მე ვფიქრობ, სპეციალურად არის თემირლანის სურათი მანდ ჩასმული, ვითომ ძმები ემუქრებიან თავიანთი ძმების სიცოცხლის გაწირვის გამო. თემირლანის სურათი ჩასვეს და აქედან გამომდინარე რომ დაადანაშაულონ იქ მაინც, რომ აქამდე ვერაფერი ნახეს, ვერაფერს ვერ უმტკიცებენ. ამით კიდევ მაინც ვერაფერს დაუმტკიცებენ. ესეც რომ არ იყოს, სუს-იდან რომ არ იყოს, იქ მთელმა მსოფლიომ იცის, რა ვითარებაში მოკლეს თემირლანი, როგორი სისასტიკით და როგორი აუხსნელი დანაშაული ჩაიდინეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება იყოს საიდანღაც წამოსული მუქარა,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგში გეგმავდა გამგზავრებას ზაზა სარალიძესა და ელისო კილაძესთან ერთად, თუმცა, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიგეს, რომ თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, სადაც წერია, რომ ამ ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც არიან. სტრასბურგში გამგზავრებას ელისო კილაძე შვილმოკლულ მშობლებთან ერთად 5 აგვისტოსთვის გეგმავდა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი