„დღეს ოფიციალურად ცნობილი გახდა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, თუ ვისზე დადებს ფსონს ამ არჩევნებზე, ეს გახლავთ სალომე ზურაბიშვილი,“ - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით ზაალ უდუმაშვილი.
ენმ-ის წევრი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ოპოზიციამ უნდა დაამარცხოს.
„რაც შეეხება დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილი ზუსტად ისეთივე დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, როგორი დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატიც იყო მთაწმინდაზე. ამ შემთხვევაში საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ სახელებს და გვარებს. აქ აქვს მნიშვნელობა იმას, ვის უჭერს მხარს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი ეს არის უკვე კოლექტიური ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის, რომ დავამარცხოთ ივანიშვილი ამ არჩევნებში,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო მარათონში ჩართვას ეხმაურება ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი.
დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი კამპანია იმით დაიწყო, რომ აგვისტოს ომში კვლავ საქართველო დაადანაშაულა. ბაქრაძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ზურაბიშვილმა არ იცის, რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო.
„ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო პირველი განცხადებით, რომ 2008 წლის აგრესია დაიწყო საქართველომ. დღევანდელ ვითარებაში ოკუპანტის გამართლება და მისთვის დამატებითი არგუმენტის მიცემა, რომ დამნაშავე არის საქართველო და არა რუსეთი, ყველაზე კარგ შემთხვევაში არის სრული უპასუხისმგებლობა და იმის დადასტურება, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს წარმოდგენა არა აქვს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესზე. წარმოდგენა არა აქვს, რა ძირითადი ამოცანების წინაშე დგას დღეს საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკა. ამიტომ მე ველოდები რეაქციას ქართული ოცნებისგან, რომლის კანდიდატიც იქნება ქალბატონი ზურაბიშვილი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.