"ქაჯები მიდიან, ქაჯები არ მოდიან", "ეშმაკიო, დიალოგიო..." - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო, მოსახლეობას უფრო მეტად ამ გამონათქვამებით ახსოვს, ვიდრე პოლიტიკური მიღწევებით და დიპლომატიით.
პირველად ის ქართულ პოლიტიკაში 2004 წლის მარტში გამოჩნდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ის საფრანგეთიდან საგანგებოდ ჩამოიყვანა და ქვეყნის საგარეო უწყება ჩააბარა.
მინისტრად დანიშვნისთანავე სალომე ზურაბიშვილის მთავარი მისია რუსეთთან საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები იყო. ლავროვი ზურაბიშვილს სამჯერ შეხვდა.
ზურაბიშვილი მაშინ საქართველოს იმ მთავრობის ნაწილი იყო, რომელიც რუსეთს, სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის გამო, მწვავედ აკრიტიკებდა და მოსკოვს საქართველოდან შეირაღებული ძალების გაყვანას სთხოვდა.
ზურაბიშვილის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ პოსტიდან წასვლისთანავე შეიცვალა.
პირველი მოულოდნელობა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადება იყო, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო.
ამ განცხადების შემდეგ 2009 წლის 29 აპრილს ზურაბიშვილმა პარიზში გამოსცა წიგნი სათაურით "ქართული ქრონიკები", სადაც დეტალურად აღწერა მისი მინისტრობის დროინდელი უშიშროების საბჭოს სხდომები. ეს წიგნი რუსეთმა ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად წარადგინა.
ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემაზე კი პრეზიდენტობის კანდიდატი პოზიციას არ ცვლის და დღესაც ამტკიცებს, რომ ათი წლის წინ აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო.