აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ მოსახლეობას ტრაგიკული დღეების გახსენება ცრემლის გარეშე უჭირს.
იმ მოვლენების დაწყებამდე, რომლებსაც აგვისტოს ომს ვუწოდებთ, ათობით ქართული სოფელი და ათასობით ადამიანი საკუთარ თავზე განიცდიდა ომის საშინელებებს.
ფრისი, ავნევი, დვანი, ერედვი და ნული მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ქართული სოფლებისა, რომლებიც 8 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე, უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული.
სოფელ ნული ერთ-ერთია იმ ქართული სოფლებიდან, სადაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი ყველაზე ადრე დაიწყო. ქართული სოფლების მიმართულებით დეფაქტო რეჟიმის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი ჯერ კიდევ 1 აგვისტოს, ღამის 10 საათისთვის გახსნეს. სოფლები - ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ავნევი, ერედვი და ზემო ფრისი მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა.
5 აგვისტოს ქართული სოფლების დაბომბვა განახლდა. 6 აგვისტოს, გამთენიისას, ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიებიდან ქართული სოფლები ისევ იბომბებოდა.