ულტიმატუმი სასულიერო პირებმა ხელისუფლებას დღეს ბათუმში გამართული აქციის ბოლოს, ქადაგების დროს, წაუყენეს.
რადიკალური განცხადებებით ცნობილმა მამა დავით ისაკაძემ ქართული ოცნების ხელისუფლებას მათი წინამორბედების პოლიტიკური ბედი შეახსენა და დაემუქრა, რომ, თუ სასულიერო პირების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მღვდლები ხელისუფლების შეცვლის პროცესში ჩაერთვებიან.
ხალხმრავალი აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან დღეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის, კურთხევით მოეწყო.
აქციაზე შეკრებილები საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლითაც ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება არადასჯადი ქმედება გახდა. მღვდლებიც და აქციაზე მისული მრევლიც ამბობდა, რომ გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივი და მომავალი თაობისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენია.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, პარლამენტმა შეცვალოს კანონი და გაამკაცროს რეგულაციები მარიხუანას მოხმარებაზე.
სასულიერო პირები დღეს დეპუტატებს მოუწოდებდნენ, გაითვალისწინოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგება.
მარიხუანას მოხმარების პრაქტიკულად ლეგალიზებას უწმინდესმა სამებაში ქადაგების დროს "ერის მტრობა" უწოდა.
სასულიერო პირები აქციებს ყველა დიდი ქალაქში აანონსებენ.
ავტორი: თეა ვარშალომიძე