სახალხო დამცველის აპარატი კონფლიქტურ რეგიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც განცხადებაში წერია, საოკუპაციო ხაზებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა 2008 წელთან შედარებით გაუარესებულია.
2016-18 წლებში გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების დროს დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა უკანონო ქმედებებს ემსხვერპლნენ.
ორივე შემთხვევა იმ გამშვებ პუნქტებზე მოხდა, რომლებსაც სრულად აკონტროლებენ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარები და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დარღვევაზეც პირდაპირი პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა.
„დევნილი მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ, საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ. ისინი ძალიან მძიმე სოციალურ ეკონომიკურ პირობებში იმყოფებიან,“ - აღნიშნა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ.