გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით შეხვედრას ორგანიზება გაუწია. შეხვედრას გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩები, კვლევითი და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსია გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ გახსნა.
თავის გამოსვლაში მან დეტალურად განიხილა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია, რომლის კულმინაცია რუსეთ-საქართველოს ომი და შედეგად, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაცია გახდა.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ ევროპის კრიზისს შორის ურთიერთკავშირზე. თავიანთ გამოსვლებში უკრაინის, ავსტრიის, ესტონეთის, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების, საფრანგეთის და გაეროს სხვა წევრი სახელმწიფოების წარმომადგნელებმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, სამი ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანის უფლებები, ადგილობრივებს შეზღუდული აქვთ თავისუფალი გადაადგილება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. გრძელდება სამხედრო ინფრასტრუქტურის აგება, გრძელდება მავთულხლართების გაბმა და მათი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გადმოწევა. სახეზეა საქართველოს მოქალაქეების მკვლელობები და მიუხედავად იმისა რომ არსებობს უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები, დამნაშავეები დაუსჯელები არიან. საქართველოში ომი იყო 2008 წელს, მოგვიანებით ამ ომის მეთოდოლოგია გამოყენებული იყო სხვა ქვეყნებში, მათ შორის კიბერ თავდასხმები, შეჭრა ყირიმში და მოსახლეობის პასპორტიზაცია. მინდა გკითხოთ, როგორი მომავალი სურს მსოფლიოს. მომავალი რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე და საერთაშორისო სამართალზე, თუ ევროპის საზღვრების თავიდან მოხაზვა - რაც 2008 წელს საქართველოში დაიწყო და შემდეგ გაგრძელდა უკრაინაში. აქ ისმის კითხვა -ვინ იქნება შემდეგი?! - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, კახა იმნაძემ.
განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გააკეთა ვაშინგტონის ”ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” დირექტორმა ლიუკ კოფიმ.
„რუსეთმა ახლა იცის, რომ ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს, იცის რომ საკმარისია შეიჭრას და ქვეყნის ნაწილობრივი ოკუპაცია მოახდინოს და ეს საკმარისია იმისთვის, რომ შეაჩეროს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანება. ასე მოხდა 2014 წელს უკრაინაში. იგივე ხდება საქართველოში. საქართველო ძალიან ახლოსაა ნატოს წევრობასთან. აქვს ყველაფერი რაც მოეთხოვება ქვეყანას რომ გახდეს ნატოს წევრი,“ - განაცხადა ვაშინგტონის ”ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” დირექტორმა ლიუკ კოფიმ.